ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციას "საერთო ენის გამონახვისა" და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში კალაძე წერს, რომ 31 ოქტომბრის ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული სტანდარტით რომელიმე წინა არჩევნებს არ ჩამოუვარდებოდა, თუმცა ეთახმება, რომ იყო "რიგი ხარვეზები და უზუსტობები".
მისივე თქმით, ზოგიერთ ამ ხარვეზზე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები, თუმცა, კალაძე აქვე აღნიშნავს, რომ "ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება":
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოზიტიურად აფასებს. დემოკრატიული სტანდარტით, ეს არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა რომელიმე წინა არჩევნებს და მეტიც, შეცვლილმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გააუმჯობესა პარტიების წარმომადგენლობის ხარისხი.
მიუხედავად ამისა, ნამდვილად გეთანხმებით, რომ იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები.
იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები. თუმცა, ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დახვეწას და გამოსწორებას საჭიროებს. აქ სწორედ ახალმა, პლურალისტურმა და მრავალფეროვანმა პარლამენტმა უნდა შეასრულოს მთავარი როლი და ხარვეზების აღმოფხრა თითოეული თქვენგანის ჩართულობით უნდა მოხდეს.
როგორც იცით, პარლამენტში ამ რაოდენობის მანდატი ოპოზიციას არასდროს ჰქონია. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!
ხალხის დაკვეთაა, პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი; ხალხის დაკვეთაა, პარლამენტის რიგებიდან ჩვენ ერთად შევეჭიდოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, ერთად ვებრძოლოთ კოვიდ 19-ს, სიღარიბეს, ოკუპაციას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს.
იქნებ, ვცადოთ და ერთმანეთის კრიტიკის პარალელურად, რაც ასევე დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გაერთიანებაც შევძლოთ.
იქნებ ვცადოთ იმ პოლარიზაციის დასრულება, რომელიც დღეს გვაქვს და ნამდვილად არ მოსწონთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ყველას სტრესულ გარემოში ამყოფებს.
მე კი, როგორც ქალაქის მერი, პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ ამისთვის.
მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას.
ამიტომ, მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს - ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ”, - წერს კახა კალაძე.
არცერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ისინი უარს ამბობენ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზეც. თითოეული მათგანი 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ეწყობა საპროტესტო აქციები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები კი დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს.